ლამაზი სიცოცხლე, 15 მილიონი ნახატი და კაცი, რომელმაც სპილო ასწია

"ჯეობარელმა" დიტო სარალიძემ გალერეა TMS–ში ინდოელი მხატვრის შრი ჩინმოი კუმარ გჰოშის ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. ის 23 ნოემბერს, გიორგობის დესასწაულზე, საქართველოში ჩამოსვლასა და კონცერტის ჩატარებას აპირებდა, მაგრამ 11 ოქტომბერს ნიუ–იორკში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიტომ ეს გამოფენა მხატვრის ხსოვნას მიუძღვნა. გალერეაში მისულ სტუმრებს, შრი ჩინმოის ნახატების ხილვა მისივე მუსიკის ფონზე უწევდათ.

მარეხ ჭონიშვილი

25 ოქტომბერი 2007 წ.

შრი ჩინმოი, გაზეთი– რამოდენიმე ხნის წინ მეგობართან ბულგარეთში ვიყავი. იქ შევიტყვე, რომ ინდოელი მუსიკოსი შრი ჩინმოი კონცერტის ჩატარებას აპირებდა, სადაც შესვლა უფასო გახლდათ. მანამდე, ამ ადამიანის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამოტომ მისით დავინტერესდი და მუსიკის მოსასმენად წავედი. ჩინმოიმ, მთელი კონცერტის განმავლობაში, 30 ინსტრუმენტზე მაინც დაუკრა. იქიდან დადებითი ენერგიით დამუხტული გამოვედი. ეს ენერგია და მუსიკა მეორე დღესაც გამომყვა. ამის შემდეგ, ამ ადამიანით დავინტერსდი და მასზე ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე. გაოცებული დავრჩი, ვერ წარმომიდგენია, თუ ერთ ადამიანს ამდენი რამის გაკეთება შეეძლო: ხატვა, წერა, კომპოზიტორიც იყო და გამოჩენილი ათლეტიც...

– როგორც გავიგე, საქართველოში მის ჩამოყვანას აპირებდი...

– მისი ჩამოსვლა 26 მაისისათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მონღოლეთში მოუწია გამგზავრებამ და ამიტომ 24 ნოემბრისათვის გადავდეთ. მაგრამ სამწუხაროდ, შრი ჩინმოი გარდაიცვალა და ეს გამოფენა მის ხსოვნას მივუძღვენი.

– შრი ჩინმოი რა სტილში ხატავდა?

– მხატვრობაში მან ახალი სტილი – Jharna-Kala შექმნა, რაც ბენგალიურ ენაზე "ხელოვნება – შადრევანს" ნიშნავს. ეს არის ხელოვნება, რომელიც გულის და სულის სიღრმიდან ფეთქავს. ჩინმოიმ 15 მილიონზე მეტი ნახატი შექმნა – პატარა მინიატურებით დაწყებული დიდი ფერწერული ტილოებით დამთავრებული. ნამუშევრებში სუფთა, კაშკაშა ფერებს იყენებდა, რაც ადამიანზე დადებითად მოქმედებს და მნახველს კარგ განწყობილებას უქმნის. შრი ჩინმოის ნახატების გამოფენა მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში ჩატარდა.

– ამ მხატვრის შესახებ, საქართველოში თუ იცოდნენ რამე?

– საქართველოში მე და ზურაბ წერეთელმა ვიცით ამ ადამიანის შესახებ. შრი ჩინმოი სპეციალურად აგებულ პლატფორმაზე აყენებდა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს და მათ პლატფორმიანად, ხელებით სწევდა. ასე ჰყავს აწეული ზერაბ წერეთელი, პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, სტინგი, მუხამედ ალი, კარლ ლუისი, ლეონარდ პაესი და სხვები. საქართველოში მისი გაცნობა ეხლა იწყება და იმედი მაქვს, რომ ამ ხელოვნის შემოქმედება არაერთი თაობის შთაგონების წყაროდ იქცევა. შრი ჩინმოიმ საერთაშორისო დაჯილდოვების პროგრამა – "სამყაროს ამაღლება გულთა შორის ერთობით" შექმნა: ის აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მიღწევებით, კაცობრიობის განვითარებაში შეიტანეს წვლილი.

– დიტო, ამ ადამიანის შესახებ მასალები ვინ მოგაწვდინა?

– მას მთელი მსოფლიო იცნობდა – 600–ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, მოსკოვშიც. ამიტომ იქაურ მეგობრებს დავუკავშირდი, მათ კი ტელეკომპანიებს მიმართეს, თავიანთი მეგობრების მეშვეობით მოიძიეს მასალები და გამომიგზავნეს.

– მუზა თუ ჰყავდა?

– არ ვიცი, მუზა ჰყავდა თუ არა, მაგრამ ოჯახი ნამდვილად არ ჰყოლია. ის მუსიკით შთააგონებდა ხალხს. ამბობდა: მარტო მე მე არა ვარ ასეთი. ყველას შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მე ვაკეთებ, უბრალოდ, მათ თავიანთი შინაგანი სამყარო უნდა გახსნანო. შრი ჩინმოი ბოლო 40 წლის განმავლობაში ნიუ–იორკში ცხოვრობდა. თავისი შემოქმედებითი და ჰუმანისტური მოღვაძეობა დედამიწაზე ჰარმონიისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებას მიუძღვნა.

– ძირითადად მაინც რა სფეროში მუშაობდა?

– ერთ რომელიმე სფეროში არ მუშაობდა: ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. მთავარია, მოინდომო, ჰარმონიაში იყო შენს თავთან და მაშინ ყველაფერს შესძლებო. 54 წლის ასაკში მძიმე ათლეტიზმით დაინტერესდა და რამოდენიმე წელიწადში ხელებით, სპეციალურ პლატფორმაზე მდგარი სპილო ასწია. ეს ფაქტი ჩემთვის  განმაცვიფრებელია. ჯერ ვიოლინოზე დაუკრა – ასეთ ფაკიზ ინსტრუმენტზე – და ამავე დროს, სპილო ასწიო?! მას დაწერილი აქვს 19000–ზე მეტი სიმღერა ინგლისურ, ფრანგულ, ბენგალიურ ენებზე. ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან : პაბლო კაზალიესი, ლეონარდ ბერნსტაინი, იეგუდი მენუხინი და რავი შანკარი დიდად აფასებენ მის მუსიკალურ, მხატვრულ და შემოქმედებით ნიჭს. შრი ჩინმოიმ წაიკითხა 200–ზე მეტი ლექცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბოლო ლექსი კი ასეთია:

"ჩემი ფიზიკური სიკვდილი

არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.

მე მარადიული მოგზაურობა ვარ."

 ჯარნა-კალა, გაზეთი

 

ჟურნალი "გზა" #43 (385), 25-31 ოქტომბერი, 2007 წ.