მსოფლიოს სევდა არ მართავს!

 შაბათი 20 ოქტომბერი, 2007 წ.

ეკა ირემაშვილი

გამოფენა, გაზეთი, ჯარნა-კალაგალერეა "თი ემ ესში" უნიკალური ადამიანის შრი ჩინმოის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მისი პიროვნების გაცნობით ნებისმიერი ადამიანი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.

მსოფლიოში სახელგანთქმული უნიკალური ადამიანი, შრი ჩინმოი, დაიბადა 1931 წელს ბენგალიაში, რომელიც ახლა ბანგლადეშის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1964 წელს ამერიკაში ჩავიდა საცხოვრებლად და იქ დარჩა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ლედი დიანა, დედა ტერეზა, იოანე პავლე II, ნელსონ მანდელა, მიხეილ გორბაჩოვი, დედოფალი ელიზაბეტი. ქართველებისგან მასთან შეხვედრა კი მხოლოდ ზურაბ წერეთელმა მოახერხა.

 ჯეობარელი დიტო სარალიძე იმდენად მოიხიბლა შრი ჩინმოის გენიალურობით, რომ მისი ნამუშევრების გამოფენა და ამ პიროვნების ქართველი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ახლოს გაცნობა გადაწყვიტა.

– მეგობრებთან ვიყავი საზღვარგარეთ დასასვენებლად წასული და შრი ჩინმოი იქ გავიცანი. კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, სადაც თავისი შესაძლებლობების მინიმუმი წარმოაჩინა. მხოლოდ 50 ინსტრუმენტზე დაუკრა. ძალიან დამამშვიდა მისმა მუსიკამ და გადავწყვიტე, მისი შემოქმედება ქართველი საზოგადოებისთვის გამეცნო. საოცარი შთაგონება მომცა მისმა მელოდიებმა. იგი იყო მხატვარი, მწერალი, დრამატურგი, პოეტი, სპორტსმენი. სპილო ჰყავს აწეული. უნიკალური ადამიანი იყო.

– მისი უნიკალურობა რაში მდგომარეობს?

მთელი თავისი არსებობის მანძილზე იგი ხალხთა შორის სიყვარულს ქადაგებდა. თავისი ცხოვრების მაგალითით გვიჩვენებს, რომ ადამიანის პოტენციალი უსაზღვროა. მისი მაშტაბები და შესაძლებლობები მართლაც გასაკვირია. იგი უკრავდა მსოფლიოს ყველა ინსტრუმენტზე. 150 ინსტრუმენტს ფლობდა. დაწერილი აქვს ათასზე მეტი წიგნი, კომპოზიტორიც იყო, შექმნა 16 ათასზე მეტი სიმრერა პრანგულ, ინგლისურ, ძველ ინდურ და ბენგალიურ ენებზე, ჩატარებული აქვს 600–ზე მეტი კონცერტი მთელ მსოფლიოში. იყო მხატვარი, სახვითხელოვნებაში შექმნა ახალი სტილი, რომელსაც "ჯარნა–კალა" დაარქვა, რასაც შემოქმედების შადრევანს ნიშნავს. დახატული აქვს 13 მილიონზე მეტი გრაფიკული და 100 ათასზე მეტი ფერწერული ნამუშევარი. ერთ დღეში დახატა 16 ათასი ნამუშევარი. მის მიერ მოწყობილი გამოფენების სია 6 თაბახის ფურცელს შეადგენს, მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი. საქართველოში მოიწვიეს, სიამოვნებით დათანხმდა ჩამოსვლაზე. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე უნდა ჩამოსულიყო და ოპერაში გაემართა დიდი კონცერტი, მაგრამ, სამწუხაროდ, 11 ოქტომბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავიდან გვინდოდა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩამოსულიყო, მაგრამ ძალიან დაკავებული აღმოჩნდა და ვერ შეძლო. გარდაცვალების წინ დაწერა ლექსი, რომელიც ერთგვარი მესიჯი აღმოჩნდა ყველასთვის:

"ჩემი ფიზიკური სიკვდილი
არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.
მე მარადიული მოგზაურობა ვარ."

მის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე პეტერბურგში ჩატარდა დიდი კონცერტი, სადაც შრი ჩინმოიმ დაუკრა ჯგუფ "აქვარიუმის" სოლისტ გრებენშიკოვთან ერთად. ძალიან მინდოდა ამ კონცერტზე წასვლა, მაგრამ ვიზების გამო დრო გაიწელა და ვეღარ მოვასწარი.

– გამოფენის მოწყობა თქვენი ინიციატივაა?

– კი. ვინაიდან თვითონ ვეღარ ჩამოვა ჩვენთან, გადავწყვიტე, მომეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. დავუკავშირდი უცხოეთში მეგობრებს და გადმომიგზავნეს მისი ნამუშევრები. ალბათ ხვდებით, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ნამუშევრების დათვალიერებითაც მიხვდებით, რომ მისი ცხოვრების კრედო სულ სხვა რამ იყო. იგი ძირითადად ჩიტებს ხატავდა, რითაც ჩვენი სულიერების სიწმინდეს უსვამდა ხაზს. მისი კრედო ასე ჟღერს: "ჩემი ხელოვნება უარს ამბობს იმ მოსაზრებაზე, რომ მსოფლიოს მართავს სევდა".

– მსგავს ღონისძიებებს კიდევ მოაწყობთ?

– აუცილებლად.

 

გაზეთი "ახალი თაობა" #289(4380). შაბათი, 20 ოქტომბერი, 2007